„მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად, რომ მეხუთე კოლონა ამ შენობაშია, ამ პარლამენტშია,“ – ეს განცხადება, „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ გააკეთა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი და რუს დეპუტატებთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებები.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთობლივად მოქმედებენ, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად, რომ მეხუთე კოლონა ამ შენობაშია, ამ პარლამენტშია და ისინი მზად არიან, პუტინს ჩააბარონ ეს ქვეყანა. კატეგორიულად მოსათხოვია „ქართული ოცნებისგან“, რომ დაგმოს „პატრიოტთა ალიანსის“ ეს ქმედება,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.