ნიკა მელიას ადვოკატმა დეპუტატის წინააღმდეგ წარმოებული საქმიდან ის უწყვეტი ვიდეომასალა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ ამშვიდებს გაბრაზებულ დემონსტრანტებს ოპოზიციის ლიდერი და სახიფათო ვითარების განეიტრალებას ცდილობს.
ვიდეომასალა იმ მტკიცებულებებს შორისაა, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დევს. კადრებში ჩანს, რომ მელია მომიტინგეებს მიმართავს და ეუბნება, რომ ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროა და ვითარება დიალოგით უნდა განიმუხტოს. მელიას შემდეგ მეგაფონს გრიგოლ ვაშაძე იღებს და დემონსტრანტებს ნებართვას სთხოვს, რომ მათი სახელით პარლამენტის შენობაში პრემიერთან მოლაპარაკებებზე შევიდეს.
ვიდეომტკიცებულებებში ჩანს, რომ ამ განცხადებების შემდეგ ლიდერები გიორგი გახარიასთან მოლაპარკებებისთვის ხელებაწეული მიდიან, თუმცა ვიდრე პარლამენტში შევლენ, სპეცრაზმი შტურმს იწყებს და დიალოგს ხელისუფლება სროლით შლის. მომიტინგეებს სპეცრაზმი პირველად წიწაკის გაზის კაფსულებით უსწორდება. ჟურნალისტის კითხვაზე, შედიან თუ არა ლიდერები მოლაპარაკებებზე, გიგი უგულავა პასუხობს, რომ ცეცხლის გახსნით მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ადვოკატის თქმით, ახალი ვიდეომტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ მოსამართლემ ნიკა მელიასთვის დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმოს. გიორგი კონადხიშვილის განცხადებით, პროკურატურას გაყალბებული საქმე თავზე ჩამოენგრა.
ე.წ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გიგი უგულავამ დღეს ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი საგამოძიებო უწყების მხრიდან ოპოზიციონერების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს გამოცხადებულ გაყალბების ქრონიკად აფასებს.