,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მართლმსაჯულების მემორანდუმს ხელი არ მოაწერა, რადგან ,,ე.წ. პოლიტპატიმრების თემას ეხებოდა” .
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია მხარს უჭერს 3%-იან ბარიერს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დღეს 1%-იან ბარიერს დაუჭირა მხარი.
„კარგია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება და კონსენსუსი, მართალია ჩვენი პოლიტიკური პარტია 3%-იან ბარიერს უჭერდა მხარს და დღესაც უჭერს, მაგრამ ჩვენ გამოვედით ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან და არ დავაბრკოლეთ, ხელი არ შევუშალეთ დღევანდელ კონსენსუსს, ამიტომ შევუერთდი ამ მემორანდუმს და მოვაწერეთ ხელი, რომელიც ითვალისწინებს 120/30-ზე, ერთ პროცენტიან ბარიერს, თავისი ჩამკეტი მექანიზმებით. წავა შემდგომ უკვე მუშაობა ოლქების ტექნიკურ განაწილებაზე, ეს ტექნიკური საკითხებია, ბლოკები რჩება და იქ ბარიერი 5% იქნება. ეს არის რაზეც ჩვენ შევთანხმდით.
დღეს წარმოდგენილი იყო ორი ტიპის მემორანდუმი. ერთი ეხებოდა როგორც გითხარით საარჩევნო სისტემას და საერთო კონსენსუსისთვის რომ ხელი არ შეგვეშალა, ჩვენ მას შევუერთდით და მეორე ეს ეხებოდა ჩემთვის ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემას და ცხადია, მე მას ხელი არ მოვაწერე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. მათ ორ რეფერენდუმს მოაწერეს ხელი. ერთი საარჩევნო სისტემას შეეხებოდა, მეორე კი პოლიტპატიმრების საკითხს.