“მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის“-ბესელია

„ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე გონს მოეგოს. მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის,“- ეს განცხადება ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა.

ბესელიამ  პარლამენტის თავმჯდომარესთან ცოტა ხნის მომხდარ დაპირისპირებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

„ვინ არის კობახიძე რომ არ ვისარგებლო მე, როგორც დეპუტატმა. გავაფრთხილე, რომ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას კონსტიტუცია და რეგლამენტი. ეს გაფრთხილება მივეცი. ჩვენი უფროსი კი არ არის, ის სხდომის წამყვანია. როცა პროცედურებს არღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. ვაგროვებ ყველა მის დარღვევას. მე აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც ის საფრთხის შემცველია პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, თორემ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, დავაყენებ – იმპიჩმენტის წესი,“- აღნიშნა ბესელიამ.

ინციდენტი პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს მოხდა, როდესაც ეკა ბესელიას ირაკლი კობახიძემ მიკროფონი გაუთიშა, ამის შემდეგ დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარესთან მივიდა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.