მერაბ დვალიშვილმა შერეული სტილით ორთაბრძოლების ყველაზე დიდ კომპანია UFC-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, ასევე უცნობია თუ რამდენ ბრძოლას ითვალისწინებს იგი, თუმცა ქართველი მებრძოლის თქმით, იგი კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველ ქომაგს UFC -ის არენიდან.
”გამარჯობა, მეგობრებო. ვახანგრძლივებ კონტრაქტს UFC-სთან და კიდევ ბევრჯერ გაგახარებთ არენიდან. პირველი კონტრაქტის განმავლობაში იყო კარგი და ცუდი მომენტები, ცუდი მსაჯობა, ავადმყოფობა, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ. მომდევნო ბრძოლებისთვის მზად ვარ და თავდაუზოგავად ვვარჯიშობ სერა-ლონგოს გუნდთან ერთად. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის.”
მერაბმა პირველი კონტრაქტი ორგანიზაციასთან 2017 წელს გააფორმა. დაგეგმილი ოთხი ბრძოლიდან მან ორი მოიგო და ორში დამარცხდა. თუმცა ერთ-ერთი მარცხი ბევრი მაყურებლისთვის მსაჯის შეცდომა იყო. უკანასკნელ ბრძოლაში დვალიშვილმა დაუმარცხებელი ბრედ კატონა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.