პოლიტოლოგი გია ნოდია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ისევ ვანო მერაბიშვილზე. ბევრს გულწრფელად გაუკვირდა ჩემი შეფასება, რომ ის პოლიციის წარმატებული რეფორმისთვის იჯდა ციხეში და არა რეალური დანაშაულისთვის. ეს გაკვირვება არ მიკვირს.
ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას უკავშირდება ბევრი ძალიან არასწორი ქმედება და ამ არასწორი ქმედებებიდან ზოგიერთს, ალბათ, „დანაშაულის“ კვალიფიკაციაც შეიძლება მივცეთ (ამ სიტყვის სამართლებრივი და არა მორალური აზრით).
ასევე ცხადია, რომ ამ არასწორი ქმედებებიდან ზოგიერთი (საკმაოდ ბევრიც) ვანო მერაბიშვილის პასუხიმგებლობის სფეროს უკავშირდება. ვერ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი მათგანი სამართლებრივ დანაშაულადაც შეიძლება შეირაცხოს. რაკი ის პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, მას ამასთან დაკვიშრებულ ბევრ არასასიამოვნო შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა და ამისთვის მზად უნდა იყოს.
მე იურისტი არ ვარ და არ შემისწავლია ის კონკრეტული საქმეები, რომელთა გამო (ფორმალურად) ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვეს. ამიტომ ვერ მივცემ თავს უფლებას, კატეგორიულად შევაფასო ისინი სამართლებრივი კუთხით. აპრიორი ვერ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი მათგანი მართლა იმსახურებდა დანაშაულის კვალიფიკაციას. თუმცა, რაც მედიიდან ვიცი ამ საქმეების შინაარსზე, შემექმნა ეჭვი, რომ ისინი თითიდან გამოწოვილია. მაგალითად, არ მესმის, რა კანონი დაარღვია მან 2011 წლის 26 მაისს დემონსტრაციის დაშლისას (რაც არ გამორიცხავს იმას, რომ პოლიციის ქმედებები იმ ღამეს შეიძლება ლეგიტიმურად გავაკრიტიკოთ). „არასწორი ქმედება“ და „დანაშაული“ ორი სხვადასხვა რამეა.
რაზეც ეჭვი არ შემქმნია, ისაა, რომ ხელისუფლების რეალური მოტივი ვანო მერაბიშვილის დევნისას პოლიტიკური იყო და არა სამართლებრივი. იმასაც შეგახსენებთ, რომ გამოთქმა „პოლიტპატიმარი“ ნიშნავს არა უდანაშაულო ადამიანს, რომელიც ციხეში ზის, არამედ ადამიანს, რომელსაც ხელისუფლება ციხეში პოლიტიკური მოტივით სვამს. ამიტომ იყო ვანო პოლიტპატიმარი ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.
პოლიტიკურად, ჩემთვის ვანო მერაბიშვილი არის უპირველეს ყოვლისა ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი – პოლიცია – წუმპედან ამოიყვანა და, რეგიონის მასშტაბით მაინც, სანიმუშოდ აქცია. ეს მას ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ ფიგურად აქცევს. „ქართულ ოცნებას“ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამასთან მიახლოებულიც კი (კარგი) არაფერი გაუკეთებია. ამით ვანომ მნიშვნელოვანი მორალური კაპიტალი დააგროვა (ცხადია, საზოგადოების ნაწილში, ვიღაცისთვის ის საფრთხობელაა) და „ქართული ოცნებისთვის“ სახიფათოდ აქცია. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ის პირველ რიგში წარმატებული რეფორმისთვის ჩასვეს ციხეში და არა თუნდაც რეალური გადაცდენებისთვის, რაც ჰქონდა.
რაკი სიმბოლურად ვანო მერაბიშვილი „სისხლიანი ცხრა წლის“ იმიჯთანაა დაკავშირებული, ის პოლიტიკაში სერიოზული ნეგატიური ტვირთით ბრუნდება და ამ ნეგატივს მისი მოწინააღმდეგეები აქტიურად გამოიყენებენ. მაგრამ მას მნიშვნელოვანი პოზიტიური კაპიტალიც მოაქვს. მასზე და მის მომავალ თანაპარტიელებზეა (ვინც გინდა იყვნენ ისინი) დამოკიდებული, ეს პოზიტივი გადაძლევს თუ ნეგატივი“, – წერს ნოდია.
შეგახსენებთ, შსს-ს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან დღეს დილით გათავისუფლდა.