თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ მერია საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომლითაც ქალაქის საცხოვრებელ ზონაში აიკრძალება ექსპლოატაციიდან გამოსული ავტომობილების ნაწილებით, ჯართით, მარტივად აალებადი ნივთიერებებით, მეორადი საბურავებით და სხვა მსგავსი პროდუქტებით ვაჭრობა.
კალაძე არ მალავს, რომ ეს ინიციატივა “ელიავას ბაზრობის“ წინააღმდეგ იქნება მიმართული, თუმცა ამბობს, რომ ამ ბაზრობასთან ერთად აკრძალვა დედაქალაქის სხვა სავაჭრო ობიექტებსაც შეეხება, სადაც ამ ტიპის პროდუქტის რეალიზაცია ხდება. კალაძის თქმით, მერია სპეციალურ ადგილებს გამოყოფს, სადაც ამ ტიპის ვაჭრობა იქნება შესაძლებელი.
“ჩვენ ამას გვკარნახობს გენერალური გეგმა. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა პირდაპირ ჩაწერა, რომ საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ. ერთ-ერთი ნათელი მაგალილთი არის “ელიავას ბაზრობა”, რომელიც არის საცხოვრებელი ზონა, უამრავი ადამიანი ცხოვრობს და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების, აი რაც ჩამოვთვალე, მათი რეალიზაცია – ყიდვა, გაყიდვა და ასე შემდეგ, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოს თვალსაზრისით, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და მთლიანად ქალაქისთვის. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იქნეს დარეგულირებული “ – განაცხადა კალაძემ.