მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად დატაცების არაერთი ფაქტი გამოავლინა

პირველი ივლისიდან თბილისში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდება. პირველ ეტაპზე საპილოტე მოდელის სახით საათობრივი პარკირების წესი რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, მათ შორის კოტე აფხაზის ქუჩაზე. ავტომობილების მფლობელებს უფასოდ გაჩერება მხოლოდ დღეში 4-ჯერ, 15 წუთის განმავლობაში შეეძლებათ. საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ქალაქში საცობებს განტვირთავს და პარკირებაზე მზარდ მოთხოვნასაც შეამცირებს.

კახა კალაძის განცხადებით, პარკირების საფასურის გადახდა არ მოუწევს საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებული მანქანის მძღოლს. ასევე, უფასო იქნება სრულად ელექტრო ძრავიანი და შშმ პირების კუთვნილი ავტომანქანების პარკირება; რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის ქალაქის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები

თბილისში ელექტროდამტენების მონტაჟიც იწყება. კომპანიის შერჩევის მიზნით მერია კონკურსს ორი კვირის ვადაში გამოაცხადებს. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი, ელექტროდამტენების დამონტაჟების თხოვნით შემოსული განცხადებების დაკმაყოფილება დაიწყება.

თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა მიწების უკანონო მითვისების ფაქტებზეც ისაუბრა, რომლებიც მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა. კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს უკანონო ფაქტებზე დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.