“მესამე მოთხოვნა ისევ დასაკმაყოფილებელია და არ ვაპირებთ გაჩერებას”- გიგა მაქარაშვილი

თავისუფალი თაობის თავისუფლების მარში – უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან მე-17 დღეს სისხლიანი 20 ივნისის მთავარი შემოქმედის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით კიდევ ერთი მსვლელობა გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

„ჩვენი მესამე მოთხოვნა ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელია და ველოდებით, იმიტომ, რომ არ ვაპირებთ გაჩერებას. ვიქნებით ძალიან ბევრნი, იმიტომ, რომ შაბათია და ადამიანებმა კულტურაც შეიცვალა, ოჯახებით მოდიან, რაიონებიდანაც ჩამოდიან ადამიანები და ძალიან მჯერა, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი, იმიტომ, რომ არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში ასეთი სამართლიანი პროტესტი, რომელიც გამარჯვებით არ დასრულებულა,“ – ამბობს აქციის ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი.

თავისუფლების მარში საღამოს 7 საათზე, პარლამენტის შენობიდან დაიწყება და ქვეყნის მთავარი მმართველის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდება.

გიგა მაქარაშვილის თქმით, არ იცის, იქნება თუ არა ივანიშვილი თავის რეზიდენციაში, თუმცა, მომიტინგეები მივლენ და მთავარ მოთხოვნას მის სახლთან კიდევ ერთხელ გაახმოვანებენ.

„ბიძინა ივანიშვილი დაგვხვდება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, როგორც წესი, ერიდება ხოლმე ბევრ ადამიანთან ურთიერთობას, მით უმეტეს, ამდენ გაბრაზებულ ადამიანთან, რომელიც არ აპირებს რეალურად, მას სახლში შეუვარდეს ან რამე დაუშაოს, უბრალოდ, ეშინია და როგორც ვიცი, ყოველდღიურად ჭორვილაში მიდის, გურიაში მიდის თავის სახლში. თუმცა, გურიაშიც ელოდებიან, შეკვეთილში, მას მუდმივად, იქ ადამიანები შიმშილობენ,“ – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

პარალელურად, ისევ უწყვეტ რეჟიმში გრძელდება რუსთაველის გამზირზე შიმშილობის აქციაც.