თბილისის მეტროპოლიტენს ორი ახალი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა რომლითაც მოცდის პერიოდი 2.5 წუთამდე შემცირდება.
„თებერვალის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ თბილისის მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. შესაბამისად, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. აქვე, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატებოდა. ისინი უკვე მზადაა. მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, თუმცა ჩვენ ასევე პირობა გვქონდა მოცემული, რომ 12 შემადგენლობა იქნებოდა რეაბილიტებული და განახლებული. ამაზე უახლოეს მომავალში ვიწყებთ მუშაობას და წლის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოცდის დრო შევამციროთ, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ჩვენი მიზანია, ეს დრო 2.5 წუთამდე დავიყვანოთ. სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ითაა გაზრდილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში ყველაზე კომფორტული, სწრაფი და მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით იგივე მიდგომაა ავტობუსებთან დაკავშირებითაც და არსებული ავტოპარკის ჩანაცვლება უკვე დაწყებულია.მაისის დასაწყისში თბილისში 90 ერთეული, MAN-ის ტიპის ავტობუსი შემოვა, წლის ბოლოსთვის კი ავტობუსების არსებული პარკის სრულად განახლება იგეგმება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2019 წელს, დამატებით, 27 ვაგონის განახლებას გეგმავს.