ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება. ის ამბობს, რომ მეუფე იაკობი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
„მეუფე იაკობი საუბედუროდ არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაერთო მორიგი ბოდვით, მაგრამ მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სრული პასუხისმგებლობა ამ უბედურებაზე მისი სახით, როგორც წარმოჩინდა დღეს დედა ეკლესია, ეკისრება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, რამეთუ ის არის მისი ქორეპისკოპოსი“, – განაცხადა მეუფე პეტრემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
„ვინაიდან ბოდბის წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევაზე კათალიკოს პატრიარქმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და აღიარა, რომ მართალია მეუფე ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ჩემს დავალებას ასრულებს, დღეს ფაქტიურად პატრიარქის დავალება შეასრულა მან და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პატრიარქს და საპატრიარქოს. მეუფე იაკობის დღევანდელი სახე არის სამარცხვინო სახე დედა ეკლესიის და საქართველოს პატრიარქისა. დანარჩენს ალბათ წმინდა სინოდი შეაფასებს“, – ამბობს მეუფე პეტრე.
სასულიერო პირი ამბობს, რომ ის ფიზიკურად არასდროს ყოფილა კანცელარიის შენობაში.
„მე მინდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში არასდროს არ ვარ ნამყოფი საქართველოს კანცელარიის შენობაში, ფიზიკურად არ ვარ ნამყოფი, ვერ გავიხსენე ფაქტი. საქართველოს პარლამენტში არაერთგზის, მაგრამ კანცელარიაში არასდროს ვყოფილვარ“, – ამბობს მეუფე პეტრე.
მიტროპოლიტი მეუფე იაკობს „არაადეკვატურს“ უწოდებს და მის წაყენებულ ბრალდებას „ადამიანურადაც“ არ მიიჩნევს.
„როცა ადამიანი არის არადეკვატური, უპასუხისმგებლო, არაერთგზის ცილისმწამებელი, რომელსაც ამ სამარცხვინო სასამართლომაც კი ჯარიმა დააკისრა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და დღემდე სინანულის ნაცვლად ისევ აი ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფება, მე პირადად მის ბრალდებას არ ვთვლი საერთოდ ადამიანის ბრალდებად“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ მეუფე პეტრემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში სკანდალური განცხადებებით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან, გახარიასთან და გომელაურთან შეხვედრის დროს მას „ეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქის გადაყენებაზე და მის ნაცვლად მეუფე შიოს ტახტზე ასვლაზე. მისივე თქმით, ამ შეხვედრას მეუფე პეტრეც ესწრებოდა.