მეუფე პეტრე, რომელსაც სინოდის სხდომამ მღვდელთმსახურება შეუჩერა მოითხოვს ამიერიდან სინოდის სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცეს. ის სხდომის დეტალებზე და ფიზიკურ დაპირისპირებაზე დღეს აღარ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ სანამ სინოდის სხდომები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა, ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება:
“ვისმენ ბევრ სიცრუეს მღვდელთმთავრებისა, სინოდის წევრებისა, ურთიერთგამომრიცხავ განცახდებებს და გამოვდივარ ინიციატივთ რომ მომდევნო სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში. არსებობს პრეცედენტი, რომ კრეტის კრება ჩატარებულა ღია ეთერში, ეგრეთ წოდებულ ლაივში გადიოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება პირდაპირ ეთერში და კამერები არ დაიდგმება ყოველთვის ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ ავაზაკთა ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას და შესაბამისად ანტიმართლმადიდებლური საქციელი და ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება. მომავალი სინდოს სხდომები აუცილებლად უნდა გადავიდეს ღია ეთერის მდგომარეობაში.“– ამბობს მეუფე პეტრე.
სინოდის მონაწილე სასულიერო პირები ფაქტიურად ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სინოდის სხდომა მას ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სასულიერო პირები ფიზიკურ დაპირისპირებას და შეხლა–შემოხლას არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მეუფე პეტრე პატრიარქს თითის ქნევით დაადგა თავზე და დაჰყვიროდა, რის შემდეგაც მეუფეები შუაში ჩადგნენ და პატრიარქამდე არ მიუშვეს, შემდეგ კი სხდომიდან გაიყვანეს.
მეუფე იაკობსა და პეტრეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრობს იღუმენია თამარი, რომელიც ამბობს, რომ პეტრეს გამოყვანისას განსაკუთრებით მეუფე იაკობი აქტიურობდა და ჭიდაობისას მეუფე პეტრეს პანაღია, ანუ სამოსი ჩამოგლიჯეს.