მეზვრიშვილი: ყველა პირი, ვინც გუშინ რაიმე ფორმით კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში

{{ARTICLEIMAGE}}
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ყველა ის პირი, ვინც 16 დეკემბერს, კახეთში რაიმე ფორმით კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში.

მისი თქმით, შსს გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში სწავლობდა ყველა გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ინციდენტს უკავშირდება.

“დიახ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. მოხდა გარკვეული პირების იდენტიფიცირება. ამ ადამიანებს დავიბარებთ საგამოძიებო ორგანოში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ზოგის მიმართ, იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. გუშინ ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მუქარებს ანუ საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ამ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენები. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები დღის განმავლობაში ეტაპობრივად წარიმართება. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. საგამოძიებო მოქმედებების პროცესში, ყველა პირი იქნება დაბარებული პოლიციაში, ვინც რაიმე ფორმით კანონს არღვევდა, იქნება ეს პოლიტიკური ლიდერი, მხარდამჭერი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა თუ სხვა”, თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება 16 დეკემბერს კახეთში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობასა და ძალადობას და ისჯება როგორც ჯარიმით, ისე თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს შს სამინისტროში, ამ დროისათვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათივე ინფორმაციით, კახეთში მომხდარი ინცინდენტისას 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. მათ 16 დეკემბერსვე ჩაუტარდათ გამოკვლევები. დაშავებულთაგან ერთი, ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. დანარჩენი დაზარალებულები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობაც, სახლებში აგრძელებენ მკურნალობას.