“მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემ და დარჩენილია დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა” – გოცირიძე ივანიშვილზე

მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემ და დარჩენილია დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა – განაცხადა რომან გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დევნითაა დაკავებული, რადგან თანამებრძოლები შემოეცალა.

გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ ანაკლიის პორტზე გაკეთებული განცხადებაც უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა,რომ მსგავსი საუბრები  ინვესტორისთვის ძალიან უარყოფითი გზავნილია.

“ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ძალაულფებას, რომ დარჩა მარტო, გაწირა ყველამ, ვისაც კი ელემენტარულად ჭკუა მოეკითხება. ოთხჯერ ახსენა „კაპიტანი გიგაური,“ ორჯერ მეტად შალვა შავგულიძე, უთვალავჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ და არცერთხელ უხსენებია რუსეთი. არის გახლართული თავის პარტიულ ინტრიგებში, მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემაც კი და დარჩა დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა. ადამიანი, რომელსაც წამოცდენებით მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ხმამაღალი საუბრით. წამოცდა, რომ ანაკლიის პროექტი არის წამგებიანი და მისი რენტაბელურობა შეიძლება მიღწეული იყოს 30-40 წლის შემდეგ, ამას რომ ინვესტორი მოისმენს, როგორ უნდა გაბედოს ანაკლიის პროექტში მონაწილეობა,“-განაცხადა რომან გოცირიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი თანამებრძოლები გააკრიტიკა და ასევე ანაკლიის პორტის წამგებიანობაზე ისაუბრა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტიდან ბიზნესმენი სარგებელს დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიიღებს, ამიტომ ის მომგებიანი არ არის.