“მიბჯენილი ჰყავდა ჯანაშიას სარალიძე, მიხეილ კალანდია მკვლელი არ არის”- მირზა სუბელიანის შვილი

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე, სადაც მირზა სუბელიანის შვილმა, ალექსანდრე სუბელიანმა ჩვენება მისცა, განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას დავით სარალიძე არ მოუკლავს. როგორც სუბელიანმა განმარტა, ის დავით სარალიძის დაჭრას არ შესწრებია,თუმცა აცხადებს, რომ კალანდია მკვლელი არაა.

მისივე განცხადებით, მას კალანდია ფარდულთან შემხებლობაში არ დაუნახავს, მაგრამ დაინახა, რომ დავით სარალიძე კოჭლობდა და ფეხი სისხლიანი ჰქონდა.

„ჩემი მყარი პოზიცია მაქვს და ამის თქმის არ მომერიდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილი მკვლელი არ არის, არა იმიტომ, რომ ჩემი დეიდაშვილია. ამის თქმა, რომ მინდოდა იმიტომ მინდოდა სხდომა ღია ყოფილიყო. გიორგისა და სარალიძეს შორის იყო უშუალო ჩხუბი, მიბჯენილი ჰყავდა ჯანაშიას სარალიძე, გიორგიმ ამოიღო დანა და დაარტყა ერთხელ, ან რამდენჯერმე”, – განაცხადა სუბელიანმა.

ამასთან, სუბელიანმა სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ ინციდენტზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მათ შორის, იმაზეც, თუ როგორ მიიყვანა ის მირზა სუბელიანმა პოლიციის განყოფილებაში. როგორც სუბელიანმა განაცხადა, ის მიხეილ კალანდიას სავარაუდოდ, ტელეფონით შეეხმიანა და დახმარება სთხოვა, რაზეც მას დეიდაშვილმა უპასუხა, რომ არ ენერვიულა, რადგან მასთან მივიდოდა.

„ფაქტობრივად შევრიგდით, რა დროსაც დათო სარალიძე უკანა ფლანგებში იყო, გამოვიდა და უხეშად დაიწყო საუბარი, რაზეც გიორგი ჯანაშიამ ხელი მიადო მხარზე და დამშვიდებისკენ მოუწოდა. სარალიძე აგინებდა, ვის ეხებიო, შეხლა-შემოხლა რომ დაიწყო, ბიჭები შუაში ჩადგნენ და დაიწყო გაშველება. საბოლოო ჯამში, ვერ შეაკავეს ერთმანეთი და ჩხუბი ატყდა. ხალხი აშველებდა, ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა, სავარაუდოდ, სარალიძის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და გიორგიმ დაარტყა. ვიღაცამ დაიყვირა სისხლიო“, – განაცხადა სუბელიანმა.