“მიდგომები ვაშენებ, სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, არ გამოვა”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“კვლევაში ნათლად გამოჩნდება, რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ჩვენს ქალაქს. მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. აღნიშნული პრობლემები გვქონდა წლების განმავლობაში და შედეგიც სახეზეა, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქალაქი. ვფიქრობ, არავისთვის სასიამოვნო არ არის და არავის მოსწონს ის, თუ რა ხდება დღეს ურბანული განვითარების თვალსაზრისით.
შესაბამისად, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და ყველაზე მთავარი, რაც გავაკეთეთ, არის განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად და მიდგომები და დამოკიდებულებები, რაც იყო წლების განმავლობაში, რომ ვაშენებ, სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ნამდვილად არ გამოვა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა კომპანია “დელოიტ საქართველომ“ (Deloitte)) თბილისის მერიის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. კვლევის თანახმად, თბილისში საინვესტიციოდ პრიორიტეტულია სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ასევე ფარმაცევტული და კრეატიული სექტორები.