მიხეილ ქარელის განცხადებით, ოქრუაშვილი რამდენიმე პირს ხალვაშის ხელმოწერის გაყალბებაში ავარჯიშებდა

ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი და ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი რამდენიმე პირს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის  გაყალბებაში ავარჯიშებდა. 

მიხეილ ქარელმა ეს განცხადება ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში გააკეთა. 

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალბებული ხელმოწერები. მე პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან [ირაკლი ოქრუაშვილმა] პარიზში მოიტანა ნიმუში ამ ხელმოწერის და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა გაეყალბებინათ მსგავს ხელმოწერაზე… გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მე მზად ვარ როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე ვთქვა ამ ადამიანების სახელები და გვარები.

არც გამკვირვებია, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ის შანტაჟის ამ ფორმით წავიდა. მას არანაირი უფლება არ აქვს რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ პრეტენზია განაცხადოს, მით უფრო საკუთრების უფლებაზე“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.

მიხეილ ქარელი ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანამებრძოლი  იყო და 2004-2007 წლებში შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს იკავებდა.