მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქით“ მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქით“ მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვის ადრესატი ამჯერად პეტრო პოროშენკოა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკოს მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს. ამისთვის კი სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტს ვადა არჩევნების მეორე ტურამდე მისცა.

„თქვენ ჯერ საკმარისი დრო გაქვთ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე, რათა მოიქცეთ კანონისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ველოდები თქვენს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სააკაშვილმა მიმართვაში.

„უკრაინის მოქალაქეობა წამართვით კანონმდებლობისა და სასერთაშორისო ნორმების დარღვევით. მაშინ, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე არ ვიმყოფებოდი. მაშინ აშშ-ში გავემგზავრე, აშშ-ის კონგრესში უკრაინის ინტერესებისთვის ლობირება რომ განმეხორციელებინა. შეძლებ კანონიერება აღადგინო, ჩემი უკრაინული პასპორტი დამიბრუნო და უკრაინაში შემიშვა? კიევში შეხვედრამდე“, – მიმართავს სააკაშვილი პოროშენკოს.
მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა  პოროშენკომ 2017 წლის ივლისში ჩამოართვა.

2018 წლის 12 თებერვალს სააკაშვილი კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს. უკარინის სასაზღვრო სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, 1 აპრილს ჩავიდოდა, თუმცა მეორე ტურის დანიშვნის გამო გადაიფიქრა.

უკრაინის საპრეზიდენტო  არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს იმართება.