მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინული მედია ავრცელებს. სასამართლომ გადაწყვეტილება 19 ნოემბრით თარიღდება და გულისხმობს საქმის გამოძიების შედეგად მიღებულ დასკვნას.

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ განიხილა მესაზღვრეებისა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, რომელიც 2018 წლის თებერვალში მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართალდამცველების ქმედება სრულიად კანონიერი იყო, ამიტომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი, სადაც ის უკანონოდ მიიჩნევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების ქმედებას.

გადაწყვეტილებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.

„რა თქმა უნდა გავასაჩივრებ სტრასბურგში და ზუსტად ვიცი 100%-ით მოვიგებ ამ უკანონო გადაწყვეტილების საქმეს. უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს პოროშენკოს გავლენას სახელმწიფო სტრუქტურებზე.“