მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარს ამბობს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ  კიევის მოქმედი მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარს ამბობს. კლიჩკომ სააკაშვილს  საკუთარი პარტიის, „უდარის“ ლიდერობა შესთავაზა. სააკაშვილმა “ფეისბუქში” ვიდეომიმართვისას პირდაპირ ეთერში  განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მხარდამჭერების აზრის მოსმენის შემდეგ მიიღო.

„ვიტალი კლიჩკომ ძალიან ღირსეული შემოთავაზება გააკეთა, მაგრამ ჩვენ ამ გაერთიანებაზე არ უნდა წავიდეთ, რადგან ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი იდეოლოგია, პრინციპები და არასდროს არ მივდიოდით ჩვენი პრინციპების საზიანოდ კომპრომისზე. უმრავლესობამ, ვინც ჩვენთან შემოვიდა თქვეს, რომ მათთვის ამ გაერთიანებაზე წასვლა პრინციპებთან მიმართებაში კომპრომისი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ წავალთ. მე უკრაინაში არ ჩამოვსულვარ თანამდებობის საძებნელად, უკრანაში არ დავბრუნებულვარ იმისთვის, რომ პოლიტიკაში ნებისმიერ ფასად ვიყო. აქ საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად არ ჩამოვსულვარ, რადგანაც ჰოლანდიაში ჩემი ცხოვრება საკმარისად მაქვს მოწყობილი. მე აქ დავრუნდი უკრაინის დასახმარებლად, უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს. ჩამოვედი იმისთვის, რომ დიდი იდეების გენერირება მოვახდინო თქვენთან ერთად. ჩვენ როგორც იქნა მოვიშორეთ „ბარიგების“ ძველი პოლიტიკური კლასი და მათ ნაცვლად გამოჩნდნენ ახალი ხალხი დიდი იდეებით, პატრიოტიზმით და უკრაინის სიყვარულით. ჩვენ ვივლით ცალკე კოლონად. მე ახალ ხალხს დავეხმარები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ჩვენ არ გვაქვს ფული, რათა „ახალი ძალების მოძრაობამ“ ორშაბათს ყრილობა გამართოს და არჩევნებზე წავიდეს. დამატებით შესაგროვებელია 2 ათასი დოლარი, რათა ამ არჩევნებზე წავიდეთ. რა თქმა უნდა მე თანხა არ მაქვს და არც ვაპირებ ოლიგარქებს მივმართო. ასეთია სისტემა, რომელიც არ უშვებს არჩევნებზე ნამდვილად, რადიკალურად განწყობილ რეფორმატორ, წესიერ ძალას. მაგრამ უნდა გავარღვიოთ ეს სისტემა და  ესეც უნდა შეიცვალოს“, -განაცხადა სააკაშვილმა.