,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, მიკროფონიც, როგორც ზიარებისას კოვზი, მრავალჯერადი გამოყენების საგანია.
მისი თქმით, მიკროფონიც საშიშია ,,ნერწყვის გადმოდენის კუთხით”, რადგან ის ჟურნალისტებს რესპონდენტთან ახლოს მიაქვთ.
,,როდესაც მიკროფონი მიაქვს ჟურნალისტს რესპოდენტთან, ზუსტად იმ მანძილზე მიაქვს, რომელიც ყველაზე უფრო მეტადაა საშიში ნერწყვის გადმოდენის კუთხით, გესმით? მიკროფონიც მრავალჯერადი გამოყენების საგანია, მე აქაც მინდა რეკომენდაცია… ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს მისი გავრცობა რესპოდენტიდან რესპოდენტზე. ეს არის პრევენცია, არავითარი ჩასაფრება არ არის, პრევენციაა მოვერიდოთ, ან დისტანცია დავიცვათ…”,- ამბობს კახაძე.
ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე საპატრიარქომ უარი განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ,,ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ისინი მოსახლეობას აძლევენ რეკომენდაციას, არ გამოიყენონ 1 კოვზი არცერთ სიტუაციაში, თუმცა რელიგიურ რიტუალებს ვერ შეცვლიან, რადგან ეს ეკლესიის საქმეა.