მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა-საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა.

„სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის II კვარტალში 69.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ. აშშ დოლარით.

2018 წლის მარტიდან საქსტატმა დაიწყო საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკის გამოქვეყნება ინტეგრირებული ფორმატით, რაც საშუალებას აძლევს ეკონომიკურ სუბიექტებს, რეგულარულად მიაწოდონ საქსტატს დაზუსტებული ინფორმაცია. საქსტატი, თავის მხრივ, იყენებს აღნიშნულ შესაძლებლობას და მუდმივად ახორციელებს მონაცემთა განახლებას სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის ამაღლების მიზნით“,- აღნიშნულია საქსტატის  ინფორმაციაში.