მინისტრი: მე-12 დღეა, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია

{{ARTICLEIMAGE}}
ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა არამხოლოდ არაკანონიერი, არაჰუმანური გადაწყვეტილებაა, აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. 

მისი შეფასებით, ე.წ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით არანაირი გამართლება არ აქვს:

“მდგომარეობა ეპიდემიური არ არის. ამიტომ, ეს არ არის ადეკვატური საბაბი, რომ მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნას.”- აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი, რომლის თქმითაც, “შეთავაზებულია ყველა გზა და გამოსავალი, რომ ამ პრობლემას მივხედოთ. მოსახლეობას რეალურად აქვს საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა”.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, განსაკუთრებით რთულია ვითარება ცხინვალის რეგიონში, სადაც მდგომარეობა კრიზისულია:

“უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა არის, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც დაკეტილია გადაადგილება ტრანსკამით (ტრანსკავკასიური მაგისტრალი) დიდთოვლობის გამო და შესაბამისად, არის საკვებზე წვდომის ძალიან რეალური პრობლემა. მე მინდა გითხრათ, რომ ე. წ. გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვების დაწესების დღიდან, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ პარტნიორებთან ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა”, აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს.