მინისტრი ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს “რუსეთის უკანონო ქმედებებზე” ესაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ხანმოკლე შეხვედრა გამართა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან – საგარეო უწყების ინფორმაციით, მაიკ პომპეომ დავით ზალკალიანთან ხანმოკლე საუბრის დროს კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მაღალი შეფასება მისცა ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში მიღწეულ პროგრესს. მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარებისა და იმ უკანონო ქმედებების შესახებ, რასაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. მაიკ პომპეომ გამოხატა მზაობა და მხარდაჭერა ქვეყნებს შორის თავდაცვის, უსაფრთხოების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართ. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა გლობალურ საკითხებში, ამ მხრივ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ვენესუელასთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციის გამო.

“საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა დადებითი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ინტენსიურ კომუნიკაციას, ამ კონტექსტში საუბარი შეეხო დაგეგმილ და განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და შეხვედრებს.დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციის მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში, გახსნით ღონისძიებაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მტკიცე პარტნიორისა და მოკავშირის როლი. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რაც ასევე გამოიხატა პოლონეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებაში, სადაც მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ”,წერია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.