“მინისტრს და შსს-ს საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა”-ეს განცხადება მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“მინისტრს და შსს-ს პირადად ჩემგან და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა.თითოეულ ჩვენთაგან კარგად უნდა ახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, როგორ სარგებლობდა ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი. ძალიან რთული წუთები იყო ის რაც ჩვენ გავიარეთ, ის რაც ვიხილეთ თითოეული ქართველისთვის, ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენიმე მათგანი უკვე საზღვარგარეთაა საუკეთესო ჰოსპიტალებში, ჩვენ ვეხმარებით მათ.
ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ლეგიტიმური. დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს, გვაქვს კითხვის ნიშნები, ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება, ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით. მასში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსფარენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.