2019 წლის 23 აგვისტოს ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში ,,თბილისობა” გაიმართა, რომლის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები მერიას 70 ათასი ლარი დაუჯდა. ინფორმაციას ,,ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
კონცერტებსა და სხვადასხვა დადგმებში მონაწილეობის მისაღებად მერიამ მინსკში ხელოვანები წაიყვანა, რაშიც სარეზერვო ფონდიდან 42,935 ლარი დახარჯა. წაყვანილ ხელოვანებში მოხვდნენ: დათო გომართელი, გიორგი ფუტკარაძე, ჯგუფი მგზავრები, ბენდი ირაო, ანსამბლი შვიდკაცა და სხვები.
გარდა ხელოვანებისა, მინსკში საკრებულოს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის, ირაკლი ზარქუა, თამარ შურღაია, ვლადიმერ ძნელაძე, ბექა დავითულიანი, ლევან არველაძე, ავთანდილ ცინცაძე და გიორგი დოხტურიშვილი – მათი წაყვანა მთლიანობაში 24,332 ლარი დაჯდა.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, თბილისის მერიამ სარეზერვო ფონდიდან თანხა მხოლოდ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში უნდა დახარჯოს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა გაუთვალისწინებელი ღონისძიება არ არის, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს” – ეს არის განმარტება, თუ რისთვის შეიქმნა და რა არის სარეზერვო ფონდის მოვალეობა და მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მინსკში “თბილისობა” მეხუთედ ჩატარდა და ის გაუთვალისწინებელი ხარჯი სულაც არ ყოფილა, ხელოვანების წაყვანა მაინც სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა”,- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
გარდა მინსკისა, თბილისობა 2019 თბილისშიც ჩატარდა და ეს 2-დღიანი ღონისძიება მთლიანობაში 923,550 ლარი დაჯდა.