მირზა სუბელიანი თავისუფალია

ხორავას ქუჩის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, მირზა სუბელიანმა სასჯელაღსრულების  დაწესებულება დღეს დილით დატოვა. 1 წლიანი სასჯელი პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დანაშაულის დაფარვისთვის მოიხადა.

სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას თავდაპირველად ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლი გადაკვალიფიცირდა.

მოსამართლემ მირზა სუბელიანი არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებით – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, არამედ  დანაშაულის დაფარვისთვის გაამტყუნა.

მანამდე კი პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიიჩნია, რომ  სუბელიანმა ხელი შეუშალა გამოძიებას, ასევე ზემოქმედება მოახდინა გამოსაკითხ პირებზე და ცრუ ჩვენება მისცა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავის 2-მა”  სუბელიანის დაკავებიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის 14 ოქტომბერს  ფარული ჩანაწერი გაავრცელა,სადაც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, ამბობდა, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების მოგვარებაში მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.

სუბელიანი ჩანაწერებში ასევე ამბობდა, იმ გარიგებაზე, მასსა და ხელისუფლებას შორის შედგა.

დადებული გარიგების მიხედვით, ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა. მისი თქმით, ერთი წელს პატიმრობაში გაატარებდა, ერთ წელს კი – პირობით მსჯავრს მოიხდიდა.