ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის დამალვის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა. სასჯელის ათვლა დაკავების დღიდან იწყება, შესაბამისად სუბელიანი საპატიმრო დაწესებულებას ხუთ თვეში დატოვებს.მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა დანაშაულის შეუტყობინებლობიდან დანაშაულის დაფარვაში.
სუბელიანმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას მოკლედ თქვა, რომ შეეძლოს, მოკლული ბავშვებისთვის სიცოცხლეს გაცვლიდა”.
წარდგენილი ბრალის თანახმად, პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩა #4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მან გაიგო ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. რის გამოცა 9 ივნისს მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატის თქმით, სუბელიანი ბრალს აღიარებს.
მირზა სუბელიანის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე, რუსთაველის გამზირზე, ათიათასობით ადამიანი შეუერთდა ზაზა სარალიძის აქციას, რომელიც ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამაა.
ზაზა სარალიძე თითქმის ერთი წელია, პარლამენტთან პერმანენტულ აქციას მართავს, მისი შვილის მკვლელის ვინაობა კი ამ დრომდე ვერ დაადგინა გამოძიებამ.