თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, მას თვალის არეში გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, აქვს საშარდე სისტემის სერიოზული პრობლემები, მაღალი წნევა და დიაბეტი.
მუსტაფაევას თქმით, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა მუხთარლი ექიმს ამ დრომდე არ გაუსინჯავს.
„აფგან მუხთარლის მდგომარეობა აზერბაიჯანის ციხეში გაუარესდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია არ უტარდება ყველა მკურნალობა, რაც ასეთ ტიპის ადამიანს უნდა ჰქონდეს. მის სიცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე და რა თქმა უნდა ამაზე პასუხს აგებს აზერბაიჯანის ხელისუფლება და ასევე საქართველოს ხელისუფლება,“-განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და კონტრაბანდის ბრალდებით.
მუხთარლი და მისი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფგან მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს პირველად 2018 წლის ივნისში მიმართეს, რათა ჟურნალისტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად გამოყენებული ყოფილიყო დროებითი ზომა პატიმრობიდან მის გასათავისუფლებლად.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს, პრიორიტეტი მიანიჭა.
ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის ყველა სასამართლო ინსტანციამ ის სამი მუხლით დამნაშავედ ცნო.
აფგან მუხთარლის ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.