,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, სააკაშვილი სად რას დააარსებს და რა ინიციატივით გამოვა, მისი გადასაწყვეტია, თუმცა პროპორციულ არჩევნებზე შეხვედრები გაგრძელდება ლეიბორისტების ოფისში.
,,ეს მისი გადასაწყვეტია, სად რას დააარსებს, შეიძლება მის პარტიას ჰქონდეს რაღაცა მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურას შეუძლია შტაბი ჰქონდეს და ინიციატივებით გამოვიდეს. რაც შეეხება კოორდინირებას პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაზე, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს ხდება ლეიბორისტული პარტიის ოფისში და ძალაინ კარგად მიდის ეს პროცესი იქ”,- აცხადებს გიგა ბოკერია.
ის აღნიშნავს, რომ საჭიროების შეთხვევაში, ადგილთან (ბიბლიოთეკასთან) დაკავშირებით რაიმე “ცრურწმენა” არ აქვს, მაგრამ “ასე უბრალოდ” იქ შეკრება არარეალისტურია:
,,გააჩნია რა საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ისე უბრალოდ მოდით ბიბლიოთეკაში, ეს არ მესმის. გირჩს აქვს ძალიან კარგი ინიციატივა კონკრეტულ თემაზე – მართლმსაჯულებაზე დისკუსიების, რომელსაც შევუერთდით. თუ რამე არის ისეთი, სადაც საჭიროებას დავინახავთ, არანაირი ცრურწმენა არ მაქვს რომელიმე ადგილთან დაკავშირებით. მაგრამ ასე, რომ ახლა იქ უნდა მივიდეს ყველა, ეს რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია რეალისტურად,” – ამბობს ბოკერია.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა 8 თებერვალს გაავრცელა. მისი თქმით, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე შტაბს გახსნის, რათა დააჩქაროს ,,ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა”.