მესამე სექტორის წარმომადგენლები პროდიუსერ მაია სტეფანაძის განცხადებას გამოეხმაურნენ. გია ჯაჯანიძის პროდიუსერი, მაია სტეფნაძე გუშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ სტეფნაძე ფეისბუქში წერს და იმედის ხელმძღვანელობას ცენზურაში ადანაშაულებს. სტეფნაძემ სამსახურდან გათავისუფლებამდე ფეისბუქ გვერდზე პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა.მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, ძალიან სახიფათოა, როცა მედიის ხელმძღვანელმა აზრის გამოხატვის გამო სამსახურიდან თანამშრომელი გაათავისუფლოს.სტეფნაძემ კონსულტაციების გავლა უკვე დაიწყო იურისტებთან. ის შეხვდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს.
„როდესაც ჟურნალისტს საკუთარი გამოხატვის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ინტერესის საგანი. ჩვენ შევეცდებით, გავარკვიოთ, რეალურად რა მოხდა. მეტი დეტალი ამ წუთას არ გვაქვს, რაც თავად მაია სტეფნაძემ თქვა. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელი, როდესაც შეიძლება გამოხატვის თავისუფლება არ დაიცვას თავად მედიასაშუალებამ,“ – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.
„ერთი მხრივ, ამ ტიპის გადაწყვეტილებები შეიძლება საგანგაშო იყოს, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რა წინაპირობები არსებობდა მთელ ამ პროცესში. გვახსოვს ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტების საქმეები, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაურკვევლ პირობებში გათავისუფლებული ჟურნალისტის საქმე. თუ ეს მხოლოდ დაკავშირებულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო გათავისუფლებას და საუბარი იმაზე, რომ ეს არ ემთხვევა არხის პოზიციას, ეს უფრო მეტად შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,“ – განაცხადა „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
„ის, რაც გვესმის, ეს არის სწორედ პოლიტიკური გავლენები მედიაში, სამწუხაროა. პოლიტიკის გამო, არ უნდა ზიანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მედიაში მუშაობენ,“ – განაცხადა ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა.