საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მოსახლეობას ახალი წელი მიმართვით მიულოცა. მოკლე მიმართვაში ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდა.
“ყველას მოგესალმებით.
„გილოცავთ შობა-ახალ წელს. დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ – ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში. უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის.
მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტ ბატონ ვლადიმერ პუტინს – უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ბედნიერებას გისურვებთ, კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარეობითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”, – განაცხადა პატრიარქმა მოსახლეობისადმი მიმართვაში.