პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას განცხადებით, ,,ქართული ოცნების” წევრებმა ჩავარდნილი რეზოლუციის ნაწილი მხარი დაუჭირეს, ნაწილს კი, რომელიც ,,აბსურდულად ჟღერდა” არ დაუჭირეს.
კუჭავას უკვირს, რატომ არ მიიღო ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაცია, რადგან ის საკმაოდ კრიტიკული იყო.
,,ფაქტი ერთია, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ თვითონ რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული იყო, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რადგან ვთვლით, რომ არის გარკვეული წუხილები, რაზეც აუცილებელია ჩვენგან მიღებული იქნას ის კრიტიკა. რასაც მხარდაჭერა არ ჰქონდა ეს იყო ის ცვლილებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში აბსურდულად ჟღერდა. ჩვენთვის მართლა გასაკვირია რატომ არ დაუჭირეს მათ მხარი, რადგან, კიდევ ვამბობ, საკმაოდ კრიტიკული იყო რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი, მაგრამ ვთვლით, რომ ეს წუხილები, რომელიც აქვთ ევროპარლამენტარებს, არის აბსოლუტურად მისაღები და ჩვენ უნდა გავცეთ მათ პასუხი. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ნაწილს დავუჭირეთ მხარი, ნაწილს არ დავუჭირეთ, იმ ნაწილში, სადაც ვთვლით, რომ არაადეკვატური იყო იმის ჩაწერა, რაც ჯერ კიდევ დასადგენია“,- აცხადებს კახა კუჭავა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარებმა წუხილი გამოთქვეს უგულავასთან დაკავშირებით, მაგრამ შინაარსზე არ უსაუბრიათ.
„დღესაც გამოქვეყნდა მათი წუხილი. ძალიან კარგად ჩანს ტექსტი, სადაც მითითებულია, რომ წუხილი აქვთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პროცედურულად ამ დროს, შინაარსზე არ აქვთ არანაირი ხაზგასმა, როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა ეთქვათ, მაგრამ არ გააკეთეს და მეორე – იმავე განცხადებაში ძალიან კარგად გაუსვეს ხაზი, რომ მოუწოდებენ ყველა მხარეს გააგრძელონ დიალოგი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით”,- აცხადებს ,,ქართული ოცნების” წევრი.
ცნობისთვის, დღეს ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება კენჭისყრაზე ჩავარდა.
საბოლოო დეკლარაციის დოკუმენტში ევროპარლამენტარებს შესწორებების შეტანა სურდათ გიგი უგულავას საქმეზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე. თუმცა შესწორებების შეტანას საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.
შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტის გამო ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.