“მხარს ვუჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, კომპრომისული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ცოტა რთულად წარმოსადგენია”- ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით მეტად უზრუნველყოფს სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოს.

„ამ შემთხვევაში მთავარი სათქმელი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველ პოლიტიკოსებს. მიმაჩნია, რომ ჩვენს რეალობაში და ქართულ კონტექსტში პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით მეტად უზრუნველყოფს სამართლიან, თანასწორ საარჩევნო გარემოს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. გარდა იმისა, რომ ამ სისტემაში უფრო მეტად არის დაცული საარჩევნო უფლებები, ეს უფრო მეტად სამართლიანია, ვფიქრობ, ეს უფრო მეტად უწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში. კარგია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურობენ, თუმცა, მთავარი სათქმელი გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ უნდა მივიდეთ ამ გადაწყვეტილებამდე”,- განაცხადა ლომჯარიამ.

იმ პირობებში, როდესაც არცერთი მხარე კომპრომისზე არ მიდის, ლომჯარიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება რთულად წარმოსადგენია.

“ეს არის პოლიტიკური პროცესი. სახალხო დამცველის ჩართულობა მინიმალურია. მაქსიმალური, რაც ჩვენ გავაკეთეთ ეუთო/ოდირისთვის მიმართვა იყო. მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობდა იმაში, რომ საარჩევნო სისტემა იყოს მიღებული კონსენსუსის და ჩართულობის გზით. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ქვეყნებმა აღიარონ არჩევნები და გაგრძელდეს მხარდაჭერა, რაც ჩვენ, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას გაგვაჩნია, მთავარი მოთხოვნა მათი მხრიდან მდგომარეობს იმაში, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მიღებული მაქსიმალური კონსენსუსის გზით. ჩემი აზრით, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა იქნეს მიღებული კონსენსუსური გადაწყვეტილება. ვისი მხრიდან იქნება მეტი კომპრომისული ნაბიჯი გადადგმული, ეს სხვა დისკუსიის საგანია. იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, მისი მხრიდან შესაძლოა უფრო მეტი კომპრომისი იყოს საჭირო. თუმცა, გეთანხმებით, რომ კომპრომისული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ცოტა რთულად არის წარმოსადგენი იმ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს”, – განუცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.