“ მხოლოდ სიმართლე“–პანდა ფეისბუქის ბრალდებებს აღიარებს

ფეისბუქის მიერ ყალბი გვერდების, ჯგუფების და ანგარიშების მართვაში მხილებული სარეკლამო კომპანია “პანდა“ აღიარებს, რომ მათი რესურსებით მართლაც აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, კონკრეტულად  ნაციონალურ მოძრაობას. თუმცა ამბობს, რომ ისინი ამას არა ქართული ოცნების სიყვარულით, არამედ ნაციონალური მოძრაობის და ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით აკეთებდნენ. პანდა ახალ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ანონიმი პანდელი საუბრობს იმაზე, რომ ფეისბუქმა ისინი სისტემურობაში ამხილა და ამის გამო დაბლოკა, და არა შინაარსის გამო. “ჩვენ სისტემურად ვმუშაოდით, დიახ, ეს ასეა. ჩვენ სოციალურ ქსელში ვფლობთ და ვაქირავებთ რესურსებს.“– ნათქვამია ვიდეოში.

გარდა ამისა, სკანდალში გახვეული სააგენტო ,,მთავარი არხისა” და ,,ფორმულას” წინააღმდეგაც ილაშქრებს და მათ მიკერძოებულად გაშუქებაში სდებს ბრალს. ,,პანდა” უარყოფს ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციასა და ანტიამერიკული ნარატივის გავრცელებას და ამას  2 ტელევიზიის მოსაზრებად თვლის.

ვიდეოს ბოლოს, ,,პანდა” აცხადებს, რომ ისინი გააგრძელებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლას, რათა ვეღარავინ შეძლოს საკუთარ ხალხზე ტერორი.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს ფეისბუქმა ფეისბუქმა ქართული ყალბი გვერდები, ჯგუფები და პროფილები გააუქმა, რომელთა უმრავლესობა საქართველოს ხელისუფლებასთან იდენტიფიცირდება. ფეისბუქის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელის, ნათანიელ გლეიჩერის სახელით გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩატარებული გამოძიების შედეგად საქართველოში შექმნილი 418 ქართული ანგარიში, აქედან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში გაუქმდა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში.