ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოწმის სტატუსით მ.კ-ს დაკითხვისას დარბაზი დატოვა.
სარალიძის განცხადებით, პროკურატურა ცდილობს მ.კ-ს გამართლებას და მისი ჩვენებიდან გამომდინარე იმის დამტკიცებას, რომ დავით სარალიძე გ.ბ-მ მოკლა.
“პროკურორები კითხავდნენ და ფიზიკურად ვეღარ გავუძელი. პროკურორის მიმანიშნებელი კითხვის გამო ადვოკატებმა პროტესტი დააყენეს, რაც მოსამართლეებმა არ დაუკმაყოფილეს. ჩემ ადვოკატს რაღაც გადავუჩურჩულე და მოსამართლემ, გაგაძევებ გარეთ თუ არ გაჩუმდებიო. ხმა არ ამომიღია საერთოდ”, უთხრა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. მისი შეფასებით, “ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ მ.კ. არ არის მკვლელი.”
“ანუ ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელი არ არსებობს”, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ამჟამად განიხილავს საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა გაასაჩივრეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნო არასრულწოვანი გ.ბ და მას 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე განაჩენით, მოსამართლემ 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა არასრულწლოვან გ.ჯ-ს, რომელიც დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში. თავის მხრივ, პროკურატურა დღემდე ირწმუნება, რომ მკვლელობა ორივე მათგანმა ჩაიდინა. თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ლევან დადუნაშვილს და დავით სარალიძეს 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას დანებით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები.