მკვლელობა სასაფლაოზე.შსს–ს სპეცრაზმელებმა 24 წლის ბიჭი წამებით მოკლეს

მთავარი არხის ინფორმაციით ბედობის ღამეს შსს–ს ორმა სპეცრაზმელმა ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის მურად წურწუმია მოკლეს. მურად წურწუმია და მისი ძმა, მუხრან წურწუმია მამის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, როცა ორ სპეცრაზმელთან ჩხუბი მოუვიდათ. სპეცრაზმელებმა ძმებს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, მუხრან წურწუმიამ გაქცევა შეძლო, მისი ძმა კი ფაქტიურად წამებით მოკლეს – გარდაცვლილს ჩამსხვრეული აქვს თავის ქალა, ამოთხრილი აქვს თვალი, მისი დასახიჩრებული სხეული კი სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში  ქუჩაში დააგდეს, სადაც მეორე დილით გამვლელებმა იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სასაფლაოდან გამოქცეულმა მუხრან წურწუმიას ეგონა რომ გაქცევა მისმა ძმამაც შეძლო, სახლში მოსვლის შემდეგ კი ნახა, რომ ის არ დაბრუნებულა. ამის შემდეგ მამის სასაფლაოზე დაბრუნდა, სადაც ძმის სისხლიანი ტანსაცმელი დახვდა.

მკვლელობაში საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის ორი სპეცრაზმელი მონაწილეობდა. გამოძიება  ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობის და ადამიანისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთის მუხლით დაიწყო შემდეგ კი დაემატა მუხლი განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია ერთი ადამიანი, თუმცა შსს–ში არ აკონკრეტებენ, არის თუ არა ის სპეცრაზმელი. საქმე გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა. 

საქმის ერთადერთი თვითმხილველი მოკლულის ძმაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. 21 წლის მუხრან წურწუმია გორის ჰოსპიტალში მკურნალობს, საიდანაც ძმის დაკრძალვაზე დროებით გამოუშვეს. 

მოკლულის ოჯახი ამბობს, რომ ეს იყო წამებით სიკვდილი და გამოძიებამ მუხლი უნდა გადააკვალიფიციროს. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ გამოძიება სპეცრაზმელებს ხელს აფარებს და ოჯახი მკვლელების დასასჯელად ყველაფერს გააკეთებს.