მმართველ გუნდში დაპირისპირება პრემიერისთვის “ნორმალური მოვლენაა”

“ქართული ოცნებაში” სასამართლოს საკითხზე არსებულ დაპირისპირებას პრემიერ-მინისტრი ნორმალურ მოვლენას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს აზრთასხვადასხვაობაა, რომელსაც უნდა მივეჩვიოთ. მამუკა ბახტაძის თქმით. მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციაა, რომ მკაცრად გაიწეროს ის კრიტერიუმები, რომლითაც უვადო მოსამართლეების შერჩევა უნდა მოხდეს, ის პოლიტიკური პროცესი კი, რაც პარლამენტში მიმდინარეობს, მისი შეფასებით, ლოგიკურია და პლურალიზმი, ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხილვისას, მისასალმებელია.

“ძალიან ლოგიკურად მიმაჩნია ის, რაზეც საუბრობენ, რომ ობიექტური კრიტერიუმების და პროცედურების დადგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქე დარწმუნდეს, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი პროფესიონალური სტანდარტის მქონე პროცედურასთან საქმე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სახელსა და გვარებს, მე რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქეს შეიძლება მქონდეს ჩემი პირადი დამოკიდებულება ნებიმიერი ადამიანის მიმართ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს ჩაერევა კონკრეტული მოსამართლეების, მათი სახელების და გვარების მიხედვით დანიშვნა ან არ დანიშვნაში. ეს არის მიუღებელი და ეს წარსულს ჩაბარდა”, განაცხადა ბახტაძემ.