ბესელია: მე, როგორც ადვოკატი, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილს და მას არ დავუპირისპირდები

{{ARTICLEIMAGE}}

მმართველ გუნდთან დაპირისპირებლმა ეკა ბესელია საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ პრესკონფერენცია პარლამენტში გამართა და განაცხადა, რომ მოსამართლეების საკითხი საერთო ხედვის ნაწილი გახდა და უკვე მეორეხარისხოვანია, ვინ არ ეთანხმებოდა და ვინ ეთანხმებოდა სიას. დაანონსების მიუხედავად, ბესელიას მწვავე შეფასებები არ გაუკეთებია და აქცენტი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით “მიღწეულ შედეგზე” გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ არ იქნება იმ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომლიც არსებულ სიას მისცემს ხმას.
“ჯანსაღი, კარგი პროცესი – მივესალმები, რომ საერთო ხედვის ნაწილი გახდა – მეორეხარისხოვანია ვინ ეთანხმებოდა, ვინ არ ეთანხმებოდა და ვინ ვის რას დააბრალებს. ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ეს სია შეჩერდა. ვერ მოხდება ამ სიის მიღება. მთავარია, ახლა შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნებიან წარმოდგენილი ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს”,განაცხადა ბესელიამ.  

მისივე თქმით, “ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადწყდება ისეთი საკითხები, რომელიც ეხება თითოელ მოქალაქეს”. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, “რატომ მოერიდა ივანიშვილის წინააღმდეგ დარტყმას”, ბესელია ასე პასუხობს:

“არასოდეს ვიხევ უკან – არც ახლა ვაპირებ უკა დახევას, ვთქვი ის, რაც მიმაჩნდა, რომ არის მთავარი. ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, რომ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ვიცავდი და მე როგორც ადვოკატი ვიცავდი ბიძინა ივანიშვილს. თუმცა გუნდის შიგნით არასოდეს მოვრიდებივარ ჩემი მოსაზრების დაფიქსირებას, მათ შორის ივანიშვილთან”, აცხადებს ბესელია.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში ვიზიტის დროს, როდესაც ჟურნალისტებმა ივანიშვილის განცხადებაზე პასუხის გაცემა სთხოვეს, ბესელიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“რა სიმბოლურია რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეება ამ განცხადებას რაც გავრცელდა პარტიის თაჯდომარის სახელით. ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!! მე დარწმუნებული ვარ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც”.


“ოცნების” ლიდერის ივანიშვილის განცხადება, რომელიც პარტიის პრესსამსახურმა 10 იანვარს გაავრცელა, გუნდის ნაწილის პოზიციებს დაემთხვა, ბესელიას კი ივანიშვილი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებდა. თავად ბესელია მმართველი პარტიის ლიდერის პოზიციებზე საუბარს თავს არიდებდა და აცხადებდა, რომ ივანიშვილი საკუთარ აზრს თვითონ დააფიქსირებდა. ბესელია იმასაც ამბობდა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავიდოდა, თუმცა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებდა. მან საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმიც წაუყენა და განაცხადა, რომ თუ მოსამართლეთა სადავო სიის გაწვევა არ მოხდებოდა პარლამენტიდან, ის გუნდს დატოვებდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებდა. დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია.