მმართველი გუნდი კაჭრეთში ბიძინა ივანიშვილის გარეშე მართავს შეხვედრას

{{ARTICLEIMAGE}}
კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში” მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

არჩევნების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.

შეხვედრის ფარგლებში, უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, მმართველობის ეფექტიანობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს.

როგორც ცნობილია, შეხვედრას პარტიის ლიდერი ივანიშვილი არ ესწრება. გუნდთან ერთად ასევე არ არიან საპარლამენტო უმრავლესობასთან დაპირისპირებული პოლიტიკოსები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. გედევან ფოფხაძის თქმით, კაჭრეთში სამუშაო სემინარი მიმდინარეობს, რომელზეც ის არ მიუწვევიათ. “არც მგონია, რომ ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს და ეს სემინარი იყოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი”, განაცხადა მან “ტვპირველის” გადაცემა დღის ამბებში.

დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის ორი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. გასულ კვირას, საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ “იყო მოთხოვნა, როგორც (იურიდიულ საკითხთა) კომიტეტის თავმჯდომარეს დაენიშნა სხდომა პარასკევს, წლის ბოლო სამუშაო დღეს და ჩაესვა ეს საკითხი”. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო.

ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია, ახლა კი პარლამენტიდან ამ საკითხის გაწვევას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდის დატოვებას აპირებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს.საპარლამენტო უმრავლესობა ამ პროცესის პარალელურად შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის კრიტერიუმები. “10-კაციან სიაში პეტრე შეიძლება მისაღები იყოს, პავლე – მიუღებელი. განხილვა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სიასთან დაკავშირებით დაიწყება, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ამასობაში ჩვენ თუ შევიმუშავებთ და არის ამაზე საუბარი, რაღაც პროცედურების კიდევ უფრო დეტალიზება მოხდება. ეს კი ბატონო, სამსჯელო თემაა”, განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.