დიპლომატიური კორპუსის ჩართულობისა და საერთო შეხვედრის მიუხედავად, მმართველი გუნდი ოპოზიციას ე.წ. გერმანულ მოდელზე მაინც არ დათანხმდა. შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადეს.
მოლაპარაკებას, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი არ ექნებოდა ცხდაყოფდა ის განცხადებებიც, რომლებიც პოლიტიკოსებმა შესვლის წინ გააკეთეს. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ მისივე გუნდის ორგანიზებული შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის არაფრის შეთავაზების ინტერესი არ ჰქონდათ იმის გარდა, რომ მათთვის ქუჩაში დარჩენა ერჩიათ.
“პოლიტიკურად ჩვენ ეს უფრო მეტად გვაწყობს, თუ ისინი ქუჩაში დარჩებიან, იმიტომ, რომ განიცდიან ყოველდღიურ რეგრესს ამ შეთხვევაში”, — აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი აცხადებდა, რომ დღეს გამოჩნდებოდა რა არის შესაძლებელი მომავალში, თუმცა “ნებისმიერ შემთხვევაში” ის 2020 წლის არჩევნებისთვის მზადების აუცილებლობას უსვამდა ხაზს.
ორივე მათგანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეხვედრა არა მათი სურვილით, არამედ დიპლომატიური კორპუსისადმი “ანგარიშის გაწევის გამო” ჩანიშნეს. მმართველი პარტიის დეპუტატების მსგავსი პოზიციის პარალელურად, დიპლომატიური კორპუსს იმედი ჰქონდა, რომ მოლაპარაკება შედეგიანი იქნებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ “ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნა, ვიდრე რაიმე ვარიანტის გამორიცხვა”. მანვე გამოთქვა იმედი, რომ შეხვედრის მონაწილეები “გამოავლენენ საკუთარ ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ”.