გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება და დაკავებები იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულების მიმართ გამოძიება იყოს გამჭვირვალე და მყარი მტკიცებულებებით არგუმენტირებული.
“მოვინახულეთ ყველა დაკავებული, მათ შორის როგორც მოქალაქეები, ასევე, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი. გვაინტერესებდა, ხომ არ ჰქონდათ რაიმე პრეტენზია მოპყრობასთან დაკავშირებით ან ბრალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მაღალი სტანდარტით და მყარი მტკიცებულებებით იყოს გარანტირებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, განსაკუთრებით თუ პატიმრობა იქნება მოთხოვილი, ვინაიდან საქმეში ფიგურირებს ვთქვათ, პოლიტიკოსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს განცდა მის მიმართ პოლიტიკური დევნის,“- განაცხადა ლომჯარიამ.
“თხოვნით მივმართე მას, რომ განსაკუთრებით ყურადღება მიაქციოს იმ 11 მოქალაქის ბედს, რომლებიც ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადამიანი რომ არ უნდა იყოს დაკავებული, ფაქტია. იმიტომ, რომ ის რასაც მას სახელმწიფო ედავება, არის კლინიკური იდიოტიზმი. არავითარი ძალადობრივი ჯგუფი არავის არ შეუქმნია,“ – განაცხადა ვაშაძემ.