{{ARTICLEIMAGE}}
“ვიდრე ბატონი ირაკლი ახლა იმ კაბინეტთან დგას და, ასე მგონია, იცავს იმ კაბინეტის თემას, გავაგრძელებ იმ ფასეულობებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლას და მის დაცვას, რისთვისაც იმ კაბინეტზეც და ბევრ უკეთეს კაბინეტზეც უარი მითქვამს და კიდევ ვიტყვი, იმიტომ, რომ არ არის არც ერთი კაბინეტი და არც ერთი თანამდებობა საპირწონე ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემების, როგორიც არის სამართლიანობა და შენი, ჩემი და ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი შვილების მომავლის გარანტიების შექმნა”, განაცხადა ბესელიამ. ის ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მოსამართლეების თემა არ იყო მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი.
“მლიქვნელობით პარტიის ლიდერს ვერ დავეხმარებით. ჩემი როლი არ არის მაამებლობა. ჩემი როლი არ არის ის, რომ დღეს გამახსენდა სამართლიანობა, ამისთვის ვიბრძვი. ვისურვებდი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. მშვიდობაში კაბინეტები და თანამდებობები, არ გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც სახელმწიფოებრივ პოზიციას არ აფიქსირებს. ჩემი გამოცდა დასრულდა მაშინ, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. თითის ქნევას თავი დაანებონ”,განაცხადა ბესელიამ “ტვპირველის” ეთერში.
მისივე თქმით, ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზების იდეა ირაკლი კობახიძისგან მოდის, მაგრამ ამ იდეის მოფიქრების დროს ის ალბათ მარტო არ იყო.
“ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის მომხიბვლელი გზა ეჩვენებინათ, რაზეც მაშინაც გამეღიმა და ვთქი, რომ თანამდებობები არ მაინტერესებს და პოლიტიკაში კომფორტისთვის არ მოვსულვარ. კომფორტის ზონიდან მაშინ გავედი, როცა თავისუფალი პროფესია მქონდა და მხოლოდ ჩემს თავს ვეკუთვნოდი. ვიყავი ადვოკატი და წავედი ბრძოლის ველზე. ვთქვი, რომ ჩემთვის კომფორტის ზონაში გადასვლა საინტერესო არ არის. ვთქვი, რომ მზად ვარ, საერთოდ წავიდე პოლიტიკიდან, საერთოდ წავიდე სახლში, მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ეს სამართლიანობის იდეას არ გაამრუდებს და კომიტეტს არ დავტოვებთ, მაგალითად ვანო ზარდიაშვილის ხელში“, განაცხადა ეკა ბესელიამ.
მის ამ განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რჩება თუ არა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხვის კანდიდატად, კობახიძის თქმით, დღეს არასწორია რაიმე ტიპის სანქციაზე, მათ შორის უმკაცრესი ტიპის სანქციაზე – გარიცხვაზე საუბარი.
“ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია, რომ ბესელია რიგით წევრად რჩება. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მანვე აღნიშნა, რომ ამ კომენტარს იმ კაბინეტის წინ აკეთებდა, რომელსაც ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერობისთვის უმზადებდნენ.
“რეალურად ეს არის ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელსაც ჰყავს ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი… და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, რადგან ეს არ დასრულდება მათთვის სასარგებლოდ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის ნაწილს შორის ორი კვირაა გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. გასულ კვირას უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. როგორი იქნება ამ გადაწყვეტილებაზე ეკა ბესელიას რეაქცია და დატოვებს თუ არა ის უმრავლესობას – უცხოეთში მყოფი ეკა ბესელია ამბობდა, რომ ამ საკითხზე განცხადებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა.