თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმებას არ აპირებენ. ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გავრცელდა, სადაც ორგანიზატორები საზოგადოებას მოუწოდებენ, შემოუერთდნენ კვირეულის ფარგლებში დაგგემილ ღონისძიებებსა და ღირსების მარშს.
“მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას. საჯარო მსვლელობაში ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება.
ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეშია არა მარტო ლგბტქი ადამიანები და მათი უფლებები, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება.
ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!”-აღნიშნულია თბილისი პრაიდის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.