{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტში ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნიკა მელია და “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.
პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და მმართველ გუნდს კრიმინალები უწოდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
“ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები”, მიმართა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას.
დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ კლოუნადა მოაწყო.
ამის შემდეგ პლენარული სხდომა განახლდა და დეპუტატებმა ფიზიკური დაპირისპირების ადგილიდან კვლავ ტრიბუნებთან გადაინაცვლეს. “ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.
“შთაბეჭდილება რომ არ დარჩეს ვინმეს ისეთი, კარგად განვმარტოთ, რა როგორ არის. არავის სჭირდება სწავლა, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი უნდა მოისმინო. ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება. სიმართლე გითხრათ, 54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა მოაწყოთ, რომ გადიხართ და ხელებს იშვერთ. ორი საათი ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რეებს არ იძახდა, რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გავცეთ?! რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, გამაგებინეთ. თქვენ რა უნდა ასწავლოთ ხალხს, ნუ გამაგიჟეთ. გიყურებთ ხალხი, რვაასჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან, აღარ ხართ ამ დედამიწის ზურგზე, რეალობაში აღარ ხართ, პასუხი როგორ გაგცეთ, მე აღარ მესმის. გაქაჩვ-გამოქაჩვები რა უბედურებაა. საჩხუბო მოედანიც კი არ არის ნორმალური, კაცმა რომ იჩხუბოს და ვის უნდა ეს ჩხუბი და დავიდარაბა. როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად, თქვენ გამოიწვიეთ ეს პროვოკაცია. ბოდიში მაინც მოიხადეთ, რომ არასწორად მოიქეცით. ზის კაცი, ყეფს, არ შეიძლება, რაც არ უნდა მტყუანი იყოს კაცი, არ უნდა გადახვიდე მის პირად შეურაცხყოფაზე”, განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.