მოგმართავთ ყველას, გთხოვთ, იყოთ კორექტულნი – საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. საპატრიარქო ადასტურებს, რომ განხილვის მთავარი თემაა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. მანამდე კი საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, “უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. 

“ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად მიაჩნიათ, ყველა საშუალებით დაიცვან. სახეზე გვაქვს სასულიერო და საერო პირთა პოლიტიკური და რელიგიური შეფასებები და განცხადებები. ამასთან, არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან, რაც პირველ რიგში მთქმელს აყენებს ჩრდილს. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს. ამჟამად მთავარი არის მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას. ჩვენი მცდელობა, ლოცვით თუ საქმით, ამ ერთობისთვის უნდა იყოს მიმართული და ამიტომაც მოგმართავთ ყველას და გთხოვთ, იყოთ კორექტულნი როგორც ერთმანეთთან მიმართებაში, ისე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.