10 აგვისტოდან რკინიგზის 5 ათასამდე თანამშრომელი გაფიცვისთის ემზადება. ისინი ხელფასების 50%-ის გაზრდას მოითხოვენ. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ პროტესტს მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოთქვამს.
რკინიგზელებს სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებიც. მათი შეფასებით, საქართველოს რკინიგზა არსებული დამოკიდებულებით დასაქმებულთა უფლებებს არღვევს.
იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო აქციები დაიწყება – ეს შიდა და გარე მიმოსვლის პარალიზებას გამოიწვევს.
საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციაში თანამშრომლებს პასუხობენ, რომ მათი მოთხოვნები არარეალურია და 2020 წლის პირველი მარტიდან ხელფასი ემატება 10%-ით.
“ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპირო” – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.