მოკლული პოლიციელის ოჯახი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს

სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის რეალური მიზეზი მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი. ხმაურიან აქციაზე ბუტა ანთაძის ოჯახმა ხელი ბიძინა ივანიშვილს დაადო.ირკვევა, რომ ღამით მძინარე პოლიციელი სახლიდან, რომელიც წესით ფილტვების ანთების გამო ბიულეტენზე უნდა ყოფილიყო, სოფელში სამორიგეოდ გაუშვეს, რადგან ივანიშვილის მიერ შერჩეულ ხეს ესკორტი სჭირდებოდა და მთელი პოლიციის განყოფილებაც ღამის საათებში ქუჩაში გაიყვანეს.

პოლიციის განყოფილების უფროსი 16 მაისის ღამეს მოკლეს. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა დანით დაჭრა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბესიკ ტაკიძემ ბუტა ანთაძეს ზურგში დანით მხოლოდ ერთი ჭრილობა მიაყენა. 14 სანტიმეტრის სიღრმის შემავალი ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. პოლიციელი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ დამნაშავეს უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი მკვლელისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ. ბუტა ანთაძის ახლობლებს ბათუმის ცენტრალური გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას ითხოვდნენ.