“მოლოდინი რომ აზერბაიჯანული მხარე გარეჯში გზის გაყვანას შეწყვეტდა არ გამართლდა“–დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

“შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავითგარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს.“– აცხადებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ამ განცხადებამდე მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი:
“გუშინ გაჩნდა მოლოდინი, რომ სამუშაოები შეწყდებოდა, დღევანდელი ინფორმაციით აზერბაიჯანის მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები არ შეწყვიტა. როგორც შემატყობინეს ტექნიკა დაამატეს და გრძელდება ნგრევა. ველოდები ინფორმაციის დაზუსტებას. გავავრცელებ, როგორც კი შემატყობინებენ.“
გუშინ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებდა, რომ  აზერბაიჯანის მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია. ის ამბობდა: “უნდა ველოდოთ, რომ დილიდან აზერბაიჯანის მხარე გზის სამშენებლო ტექნიკას სრულად გაიყვანს ტერიტორიიდან.“  თუმცა დღეს გაირკვა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა.