სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების გამწესებისა და შერჩევის შესახებ ირაკლი კობახიძისა და ექვსი დეპუტატის მიერ შემუშავებულ კანონპროექტის განხილვის პროცესში ეკა ბესელიასა და დავით მათიკაშვილს შორის მოხდა. ბესელიამ მათიკაშვილს მეტი სიდინჯისა და ნებისყოფის გამოჩენისკენ მოუწოდა.
კამათი ბესელიასა და მათიკაშვილს შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლების შერჩევის კრიტერიუმების საკითხმა გამოიწვია. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა. დავით მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა, რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში ჩატეულიყო და კითხვები მოკლედ დაესვა.
„ თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას მერე კიდევ მომიწევს რაღაცები შეგახსენო. დავანებოთ თავი ამ ჭკუის სწავლებას. მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა წინდახედულება უნდა“ – განუცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ამავე კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეს.
ბესელიას განცხადებით, მას უმრავლესობის კანონპროექტთან დაკავშირებით 10 კითხვა აქვს ყოფილ თანაგუნდელებთან. ბესელია ამბობს, რომ კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლი დაკნინებულია და მას უფლებაც კი არ აქვს კანდიდატი მოსამართლეების შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მოიძიოს.ბესელიას სიტყვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა შეაწყვეტინა. მათიკაშვილმა მოუწოდა ეკა ბესელიას ლაკონურად გადმოეცა სათქმელი, რაზეც მას ბესელიამ უპასუხა, რომ საქმიანად საუბრობს და დროსაც ზოგავს. ბესელიამ სთხოვა ყოფილ თანაგუნდელს სიტყვა აღარ გაეწყვეტინებინა.